logo
ENG



"საჭიროებისამებრ ვიმოქმედებთ" - ბლინკენი რუსეთზე აშშ-ის იარაღით თავდასხმების აკრძალვაზე

30 მაი 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/1xl2h6d8dkl9ylr.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრაღაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროებისამებრ კორექტირდება და ადაპტირდება. ამით მან მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შესაძლოა აშშ-მ ამერიკული იარაღით უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებს მხარი დაუჭიროს, ბლინკენმა უპასუხა, რომ „ადაპტირება და კორექტირება ზუსტად ამას ნიშნავს“.

ბლინკენის განცხადება ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ უფრო პირდაპირ კომენტარს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების უფლება უნდა მიეცეს.

BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ზეწოლა იზრდება. ამ კვირაში შეერთებული შტატების მოკავშირეებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ამ შესაძლებლობისთვის მზად არიან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება განსაკუთრებით ევროპის "პატარა ქვეყნებისთვის".

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ათასობით თავდაცვითი იარაღი, ტანკი და საჰაერო თავდაცვის სისტემა, უკვე მიაწოდა. ამასთან, აპრილში ATACMS რაკეტების ყველაზე გრძელი დისტანციური ვერსიაც გაუგზავნა, რომელსაც 300 კმ-ის გავლა შეუძლია.


close დახურვა